სამაგისტრო პროგრამის შესახებ

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში არის ევროკავშირის TACIS–ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ევროპელი პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი პროგრამა, რომელიც კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს და, შესაბამისად, არის ინდერდისციპლინური, სრულად ინგლისურენოვანი და  მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალური სამაგისტრო პროგრამა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებისა და ჩამოყალიბებული პრიორიტეტების გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სფეროში დახელოვნებული ძლიერი კადრების მომზადება და მათთვის როგორც თეორიული ცოდნის მიწოდება, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაც, რათა მაღალკვალიფიციური კადრების მომავალმა თაობამ თავად მოახდინოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა და ამით ევროპული ღირებულებების საქართველოში უკეთ დანერგვას შეუწყოს ხელი. სწორედ, ამ მიზნების გათვალისწინებით არის შექმნილი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბოლონიის პროცესში ჩართული წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას, რათა მიღწეულ იქნეს მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება ინსტიტუტის სტუდენტებისათვის.

გარდა იმისა, რომ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება სრულად ინგლისურენოვანია და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამიერკავკასიაში უნიკალური და მუდმივად განახლებადი წიგნადი და ელექტრონული გამოცემების ფონდით, მათ, ასევე, ლექციებს უკითხავენ დარგის წამყვანი როგორც ქართველი, ასევე, ევროპელი ექსპერტები, რაც სტუდენტებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას დაეუფლონ ცოდნას პირველწყაროდან და განივითარონ ღრმა ანალიტიკური და პრაქტიკული უნარჩვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტებული ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით ორიენტირებულია სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით გათვალისწინებული ზოგადი და დარგობრივი კომპენტენციების გამომუშავებაზე.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სიღრმისეული ცოდნა ევროპისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპების შესახებ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, რომ მათ დააგროვონ ცოდნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა, ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების პროცესი.

ევროპული კვლევების ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს არჩევითი საგნების საკმაოდ დიდ მრავალფეროვენებას, როგორც საკუთარი რესურსებიდან, ასევე, სხვა ფაკულტეტების მიერ გახსნილი კურსების შეთავაზებით. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტები ისე არის შერჩეული, რომ სტუდენტებს უვითარდებათ სწავლების შემდგომ ეტაპზე (დოქტორანტურაში) საჭირო კვლევის უნარ-ჩვევები.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა არის ორწლიანი ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა. ორი წლის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა დააგროვონ 120 კრედიტი 4 სემესტრზე გადანაწილებით. სტუდენტები საგნებს ეუფლებიან პირველი 3 სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე–4 სემესტრი მთლიანად ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას. 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების პროცესი მრავალეტაპიანია. კერძოდ, ჩაბარების მსურველებს მოეთხოვებათ ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარება და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებში ჩართვა, რაც თავის თავში მოიცავს გამოცდებს – ბ) სპეციალობასა და გ) ინგლისურ ენაში. ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდგომ ინიშნება დ) გასაუბრება ჟიურის წინაშე.

გამოცდა სპეციალობაში გულისხმობს ზოგადი ცოდნის ქონას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ.

ინგლისური ენის გამოცდაზე ცოდნის დონედ განსაზღვრულია B2 დონე, მაგრამ სტუდენტები თავისუფლდებიან გამოცდისაგან თუ წარმოადგენენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლს.

ბაკალავრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით. (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mes.gov.ge/content.php?id=1128&lang=geo).

რადგანაც ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა არის ინტერდისციპლინური და ეფუძნება თსუ-ის ოთხ ფაკულტეტს, დიპლომის გაცემა უნდა უზრუნველეყო ოთხივე ფაკულტეტს ერთად, მაგრამ დროის სწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით თსუ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება  ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭებინა ერთი ფაკულტეტისათვის. ასეთ ფაკულტეტად შერჩეულ იქნა თსუ  იურიდიული ფაკულტეტი.
 
სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს სემესტრში  1 500 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - სემესტრში 2100 ლარს. 




  • სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში თავდაპირველად დამტკიცდა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 18/08/2011 წლის N82/2011 დადგენილებით. ცვლილებები განხორციელდა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 21/01/2013 წლის N3/2011, 04/03/2013 წლის N41/2013 და 29/12/2014 წლის N121/2014 წლის დადგენილებებით. პირველი აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 17/10/2011 წლის N97 გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს მთავრობის 7/09/2017 წლის N1881 განკარგულებით გაგრძელდა 2022 წლის 1-ლ ივლისამდე. 
  • სამაგისტრო პროგრამა რეაკრედიტაციისთვის თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცდა 11/04/2022 წლის N36/2022 დადგენილებით. უცხოელი ექსპერტების მიერ პროგრამის შესახებ გაკეთებული დასკვნები - კამილ ზვოლსკი და აგნეს დევიდსონი.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვა პროგრამის ინგლისურ ენაზე განხორციელებაზე. 
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012